ჩვენი მთავარი მიზანია შევქმნათ ევროპული, თანამედროვე მოდერნიზებული სახელმწიფო, _ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.
"მას შემდეგ რაც ხალხმა საქართველოს პრეზიდენტად ამირჩია მე უკვე მეექვსედ ვდგევარ საქართველოს პარლამენტის წინაშე, რათა ჩაგაბაროთ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა გასული რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება და ჩვენი ქვეყნის წარმატებასა და წარიმატებლობაზე ისაუბრა.
"იყო დიდი წარმატებები, მაგრამ იყო ჩავარდნებიც და ამის ჩვენ არ ვუარყოფთ. იყო ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის უამრავი სწორად მიღებული სწორად გადაწყვეტილება, მაგრამ იყო შეცდომებიც. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ ვიგრძენით თუ რას ნიშნავს როდესაც მხარში გვიდგანან ერთგული მეგობრები. მაგრამ ვნახეთ ისიც თუ როგორ გვიტევს ძლიერი და დაუნდობელი მტერი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს ცხოვრებაში, ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში იყო უამრავი საერთო წარმატება და დიდი განსაცდელიც.
"იყო წლები, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ოცნება შეუძლებელზე და იმის ნაცვლად რომ გვეკითხა რატომ? ვიკითხეთ - რატომაც არა? გვქონდა წლები დიდი ნახტომების და ფუნდამენტური ხშირად მტკივნეული ცვლილებების. გვქონდა წლები როდესაც გვებრძოდნენ ეკონომიკური ბლოკადებით და ენერგეტიკული დივერსიებით, მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებდით შენებას და განვითარებას. რაც მთავარია ვახერხებდით ჩვენი მთავარი მიზნისკენ სვლას - შევქმნათ თანამედროვე ევროპული, მოდერნიზებული საქართველო", _ განაცხადა პრეზიდენტმა.