საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე პარლამენტშია.
ქვეყნის პირველი პირი საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. მიხეილ სააკაშვილი დეპუტატებს გასული წლის ანგარიშს ჩააბარებს და მიმდინარე წლის პრიორიტეტებს გააცნობს.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ 2-საათიანი შესვენება გამოცხადდება, რის შემდეგაც დეპუტატთა გამოსვლები დაიწყება და ის პოლიტიკური დებატების ფორმატში წარიმართება.
უფრო კონკრეტულად, უმრავლესობას დ უმცირესობას გამოსვლისთვის 45-45 წუთი, ფრაქციის თავმჯდომარეებს კი 15-15 წუთი დაეთმობათ. გამოსვლისთვის ცალკე დრო არ ექნებათ ვიცე-სპიკერებს, დამოუკიდებელი დეპუტატებიდან კი ამის უფლება მხოლოდ გია ცაგარეიშვილს მიენიჭა, რომელსაც გამოსვლისთვის 5 წუთი განესაზღვრა.
პრეზიდენტის პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე თბილისში ვიზიტით მყოფი რუსი ჟურნალისტები ესწრებიან.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში მისვლამდე საკანონმდებლო ორგანო კინოლოგების მეშვეობით საგულდაგულოდ შემოწმდა.
პარლამენტის დაცვა ამ დროისთვისაც გამკაცრებულია.