საქართველომ და სენტ ლუჩიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი იუწყება.
სამინისტროს განცხადებაშI ნათქვამია, რომ ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, საქართველო და სენტ ლუჩია ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებენ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების - ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობისა, და სუვერენული თანასწორობის პრინციპების შესაბამისად.
ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა ერთობლივი წერილით აცნობეს გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს.
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.
სენტ ლუჩიას მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან დონატუს კიტ სტ. ეიმიმ, ხოლო საქართველოს მხრიდან - საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ალექსანდრე ლომაიამ.