დღეს, 26 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგება და "ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრებს.
პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად მიიჩნევს..
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ცხადდება ორსაათიანი შესვენება.
შესვენების შემდეგ იწყება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, რომელთა ხანგრძლივობას ადგენს პარლამენტის ბიურო.
პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგომისას სიტყვით გამოსვლის საშუალება უმცირესობის კვოტით მიეცემათ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, გურამ ჩახვაძეს და მაგდა ანიკაშვილს, გარდა თავად უმცირესობის ლიდერისა. ამის შესახებ განცხადება უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, გადაწყვიტა, რომ აღნიშნულ პირებს უმცირესობისთვის გამოყოფილი კვოტიდან დაუთმოს დრო, რათა პრობლემების ფართო სპექტრი გაშუქდეს პროფესიონალურად.
აღსანიშნავია, რომ ფრაქცია ძლიერი საქართველოს წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გამოსვლისთვის დროის დათმობა თავისი ფრაქციის თავმჯდომარეს სთხოვა, თუმცა თორთლაძემ უარი უთხრა იმ მოტივით, რომ მას სიტყვა უკვე მომზადებული აქვს და ვეღარ შეცვლის. ლორთქიფანიძეს პრეზიდენტის პარალმენტში ყოფნისას გამოსვლის საშუალებას თარგამაძე მისცემს.