დღეს, 26 თებერვალს, საქართველოს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი ეწვია. ჰამარბერგი რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გეგმავს ჩასვლას.
ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებულის პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, ბორის ჩოჩიევის ინფორმაციით, ევროპელი უფლებების დამცველის ვიზიტის მიზანი ე. წ. სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეებია.
ჩოჩიევი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი ე. წ. სამხრეთ ოსეთის გაუჩინარებული მოქალაქეების საქმეში საერთაშორისო იურისტების ჩართვას გეგმავს.
"თუ ქართული მხარე არ გამოიჩენს კეთილ ნებას და არ გაათავისუფლებს ჩვენს მოქალაქეებს, ან არ მიაწვდის ინფორმაციას მათ შესახებ, რომლებსაც ქართული მხარე "უგზო-უკვლოდ დაკარგულებს" უწოდებს, მაშინ ჰამარბერგი გვპირდება, რომ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოში საერთაშორისო დამოუკიდებელ იურისტებს დაპატიჟებს, რომლებიც ამ საკითხების გარკვევით დაკავდებიან", _ აცხადებს ჩოჩიევი.