იუსტიციის სახლებში საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატების გაცემა დაიწყო. როგორც იუსტიციის სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ სანიკიძემ და იუსტიციის სახლის დირექტორმა ნინო ჩიჩუამ განაცხადეს ატესტატების გაცემა დღეიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება.
როგორც ჟურნალისტებთან ნინო ჩიჩუამ განაცხადა ატესტატის გაცემა 10 დღის განმავლობაში უფასო იქნება, ხოლო დაჩქარებული წესით საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატის მიღება ფასიანი იქნება
,,ათი დღის განმავლობაში ატესტატის მიღება უფასო იქნება, ხოლო ერთი დღის ვადაში 5-0ლარი, ორი დღის ვადაში 40-ლარი, სამი დღის განმავლობაში 30-ლარი, ხუთი დღის განმავლობაში კი 20-ლარი იქნება", _განაცხადა ნინო ჩიჩუამ.
იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი რეკომენდაციას აძლევს ატესტატის მიღების მსურველ პირებს თბილისის იუსტიციის სახლს 16:00-დან 18:00 საათამდე მიმართონ.
,,დისკომფორტისა და რიგების თავიდან აცილების მიზნით გადავწყვიტეთ ატესტატების აღების მსურველებს რეკომენდაცია მიეცეთ, რომ დოკუმენტის მისაღებად იუსტიციის სახლს მომართონ ყოველ სამუშაო დღეს 16:00-დან 18:00 საათამდე", _განაცხადა ჟურნალისტებთან ნინო ჩიჩუამ.
შეგახსენებთ, რომ საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატის გაცემას იუსტიციის სახლი უკვე მეორე წელია ახორციელებს. გასულ წელს სულ 39 600 ატესტატი გაიცა, ხოლო მიმდინარე წელს გასაცემი ატესტატების რაოდენობა 52 400 შეადგენს.