სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიპერმარკეტ ,,კარფურში'' ხორცის სექცია დახურა. მიზეზად უვნებლობის ხარისხთან ხორცის კრიტიკული შეუსაბამობა სახელდება.
როგორც ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს, პროდუქცია ობიექტიდან ამოიღეს და განადგურდა, ხოლო ჰიპერმარკეტი 1000 ლარით დაჯარიმდა. ასევე გაიცა რეკომენდაციები, რომლის გამოსწორების შემთხვევაში „კარფური" ხორცის სექციას აღადგენს. ამ თემაზე კომენტარი "კომერსანტმა" თავად "კარფურს" სთხოვა.
"კარფურის" გენერალური მენეჯერი ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში განმარტავს, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს არ აღმოუჩენია მათ ჰიპერმარკეტში უხარისხო პროდუქტი და ხორცის სექციის დალუქვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.