გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ დობრინდტმა თელ-ავივში მოულოდნელი ვიზიტის დროს ცალსახა მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელის მიერ ირანზე დარტყმებს.
„ირანი წლების, ათწლეულების განმავლობაში ახდენს ამ რეგიონის დესტაბილიზაციას... ისრაელის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერით“, - განაცხადა დობრინდტმა.
მისი აზრით, თეირანის ბირთვული პროგრამა წარმოადგენს „რეალურ საფრთხეს ისრაელის არსებობის უფლებისა და ევროპისთვის“.
მინისტრის თქმით, ირანმა მიიღო მკაფიო სიგნალი, რომ ისრაელი, შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეები, მათ შორის გერმანია, არ შეეგუებიან თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავებას.
მისივე თქმით, ბერლინი გააგრძელებს ყველაფრის გაკეთებას ისრაელის არსებობის უზრუნველსაყოფად.
დობრინდტი, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საართან ერთად, თელ-ავივის მახლობლად მდებარე ბათ-იამს ეწვია, რომელიც ირანის სარაკეტო დარტყმის შედეგად ძლიერ დაზარალდა.