მიუხედავად იმისა, რომ "ლეიბორისტული პარტია" ადგილობრივ არჩევნებში არ მონაწილეობს, პარტიის ლიდერი, ოპოზიციის გუშინდელ შეკრებას და ერთიანობისთვის მზაობას მიესალმება. ამის შესახებ "ლეიბორისტების" ლიდერმა დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციაში უცხო ქვეყნიდან მართვადი ძალები არ არსებობენ.
"ბევრს საუბრობენ ნოღაიდელსა და "ედინაია როსიას" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, თუმცა მე ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. მინდა, შევახსენო ყველას, რომ თითოეული პოლიტიკოსის ნებაა, ვისთან ითანამშრომლოს და ვისთან გააფორმოს მემორანდუმი", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
"ლეიბორისტების" ლიდერმა, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის შერჩევის პროცესში მისი შესაძლო მონაწილეობა უარყო და აღნიშნა, რომ მისი პარტია არჩევნებს კვლავ ბოიკოტს უცხადებს და სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებსაც იგივეს ურჩევს.
ბოლოსკენ ნათელაშვილმა 1921 წლის საქართველოს ოკუპაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ოკუპაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბრიტანეთიც იყო, რომელმაც საქართველოს "ერთა ლიგაში" გაწევრიანება დაბლოკა, ხოლო შემდეგ ლენინის მთავრობას მისცა სანქცია ინტერვენციის დაწყებაზე, რომელშიც, საბჭოთა რუსეთთან ერთად, აგრესორად მონაწილეობდა ქემალისტური თურქეთიც.