საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ახალი მომსახურება ამოქმდედდა. ამიერიდან მოქალაქეებს უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღება ონლაინ რეჟიმში, ვიდეოთვალის გამოყენებით შეუძლიათ.
ახალი სერვისის პრეზენტაცია სააჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილმა დღეს გამართა.
მისი განცხადებით სააგენტოს ვებ-გვერდის მეშვეობით (www.reestri.gov.ge) ვიდეოკონსულტაციები მოქალაქეთათვის სათანადო პროცედურებს გაცილებით გაამარტივებს. ისინი სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად ინტერნეტით, ვიდეო თვალის საშუალებით უფასო იურიდიულ კონსულტაციას მიიღებენ, ონლაინ რეჟიმში დასვამენ შეკითხვებს უძრავი ქონების სარეგისტრაციო პროცედურებზე, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციასა და სხვა საკითხებზე.
სააგენტოს კვალიფიციური იურისტები დაინტერესებულ მოქალაქეებს გააცნობენ სარეგისტრაციო პროცედურებს, საჭირო დოკუმენტაციის ნუსხას, მომსახურების საფასურს, ვადებს და ასე შემდეგ. მოქალაქეები კი შეძლებენ სააგენტოს იურისტ-კონსულტანტებს ვიდეო თვალის მეშვეობით აჩვენონ მათ ხელთ არსებული დოკუმენტაცია და მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
მოქალაქეებს აქამდე იურიდიული კონსულტაციის მიღება შეეძლოთ საჯარო რეესტრის საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე 25 15 27, ასევე სარეგისტრაცო სამსახურებში პირადი ვიზიტით ან ელექტრონული ფოსტით (info@napr.gov.ge).
სოსო წიქარიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს ახლად დანერგილი ვიდეოკონსულტაცია გაცილებით მეტ კომფორტს შეუქმნის. დღესვე სოსო წიქარიშვილმა ჟურნალისტებს საილუსტრაციოდ მონიტორზე ის პროცესი უჩვენა, თუ როგორ უწევს კვალიფიციური იურისტი კონსულტაციას დაინტერესებულ პირებს.
მოქალაქეებს ახალი სერვისით სარგებლობა ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 09.00 -დან 18.00 საათამდე შეუძლიათ.
საჯარო რეესტრი მომხმარებელთათვის მომსახერების ახალი სერვისების შეთავაზებას კვლავაც განაგრძობს.