ხვალ, 26 თებერვალს, საქართველოს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი ეწვევა. ჰამარბერგი ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გეგმავს ჩასვლას.
ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევის ინფორმაციით, ევროპელი უფლებების დამცველის ვიზიტის მიზანი ე.წ. სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეებია.
ამას გარდა ჩოჩიევი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. გაუჩინარებული მოქალაქეების საქმეში საერთაშორისო იურისტების ჩართვას გეგმავს.
"იმ შემთხვევაში თუ ქართული მხარე არ გამოიჩენს კეთილ ნებას და არ გაათავისუფლებს ჩვენს მოქალაქეებს ან არ მიაწოდებს ინფორმაციას მათ შესახებ, რომლებსაც ქართული მხარე "უგზო-უკვლოდ დაკარგულებს" უწოდებს, მაშინ თომას ჰამარბერგი გვპირდება, რომ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოში საერთაშორისო დამოუკიდებელ იურისტებს დაპატიჟებს, რომლებიც ამ საკითხების გარკვევით დაკავდებიან", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი.