თბილისის მერობის ერთიანი ოპოზიციონერი კანდიდატის გამოვლენის მიზნით მიმდინარე კონსულტაციებში ჩართვაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაც უარს აცხადებს და "ნოღაიდელის გარშემო თავმოყრილ ძალებს" ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს.
"როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ბედს, გვერდზე უნდა გადადო პოლიტკორექტულობა და ყველაფერს თავისი სახელი დააქრვა.
გუშინ, ჭადრაკის სასახლეში დაწყებული პროცესი, ნოღაიდელის გარშემო პოლიტიკური ძალების თავმოყრა სხვა არაფერია თუ არა მოწოდება ჩვენი ქვეყნის თავისუფლების საწინააღმდეგო გაერთიანებისკენ. ამ პოლიტიკოსებმა შეგნებულად აირჩიეს ქვეყნის ინტერესების ღალატის გზა", - განაცხადა ედპ-ის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე მტკიცებით, ნოღაიდელის გარშემო თავმოყრილი ძალები არჩევნების საფარქვეშ საქართველოს ხელისუფლების რევოლუციურ ცვლილებას გეგმავენ რუსული სცენარით.
"ძალაუფლებისა და ფულის, ხელისუფლებაში მოსვლის სანაცვლოდ ქართველი მარიონეტი ოპოზიციონერები სცნობენ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასაც, რაც საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დაკარგვის იურიდიული გაფორმება იქნება", - განმარტა ქარდავამ.