რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თბილისის სხვადასხვა წერტილში საპროტესტო აქციები ამ წუთებში იწყება.
კოალიცია "სოლიდარობის" ორგანიზებით, თბილისის მცხოვრებლები მეტროსადგურ "პოლიტექნიკუთან", "თავისუფლების მოედანთან" და "რუსთაველთან" არიან შეკრებილნი. აღნიშნული წერტილებიდან ფეხით ქალაქში საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა.
ამასთა, პუშკინის სკვერში გახსნილია ფოტოგამოფენაც, რომელზეც რუსეთის აგრესიის და ქართველთა ეთნიკური წმენდის ამსახველი ფოტოებია გამოფენილი.
15:00 საათზე აქციის მონაწილეები პეტიციას მიიღებენ, რომლითაც ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ და სთხოვენ, რუსეთის აგრესიას მეტი ყურადღება დაუთმონ.
რუსეთის მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციები საღამოს, რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან დასრულდება, სადაც მომიტინგეები ე.წ. სლაიდ შოუს მოაწყობენ - რუსეთის აგრესიის ამსახველ ფოტოებს ყოფილი საელჩოს შენობის კედლებზე გამოაკრავენ.
შეგახსენებთ, რომ 25 თებერვალი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღეა. ამ დღეს თბილისში მე-11 წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ და მოხალისეთა რაზმებსა და ქართველ იუნკერებს სასტიკად გაუსწორდნენ.
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები თბილისის გარდა გორში, ბათუმსა და ზუგდიდშიც გაიმართება.