"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" ხელისუფლებას "პატრიარქის უდიდესი ავტორიტეტის დისკრედიტაციის მცდელობაში" ადანაშაულებს.
როგორც პარტიის მთავარი საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართ უპრეცედენტო და შეურაცხმყოფელი კამპანიაა დაწყებული, რომელიც ერის სულიერი მამის ავტორიტეტისთვის დაჩრდილვას ისახავს მიზნად.
"ქვეყნისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში პატრიარქის პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ეს განპირობებულია იმითაც, რომ საპატრიარქოსადმი, როგორც ინსტიტუტისადმი ნდობა ჩვენს საზოგადოებაში ერთმნიშვნელოვნად პირველ ადგილზეა. სწორედ ამიტომ, ხელისუფლება და მის მიერ მართული "მოღვაწეები" ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით ცდილობენ პატრიარქის უდიდესი ავტორიტეტის დისკრედიტაციას. ხელისუფლების პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად იქცა თანმიმდევრული, მიზანმიმართული ბრძოლა ქართული, სულიერი, ზნეობრივი და მორალური ფასეულობების წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც სწორედ აღნიშნული მიზეზით არის ახსნილი პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეომასალების გავრცელება, რომელსაც ბოლო დღეებში ჰქონდა ადგილი.
ამასთან, ნინო ბურჯანაძის პარტიის მთავარი საბჭოს შეფასებით, ხელისუფლებას ეშინია და ებრძვის ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებაში ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობენ.
"კატეგორიულად ვგმობთ ყველანაირ მცდელობას დაკნინდეს პატრიარქის და საპატრიარქოს როლი ერის განვითარების ჭეშმარიტი გზის განსაზღვრაში. ქართული ეკლესიისა და პატრიარქის ხელყოფა მთელი ერის ღირსებისა და სულიერების ხელყოფაა, რასაც ქართული საზოგადოება არ დაუშვებს", - აღნიშნულია განცხადებაში.