24-26 თებერვალს საქართველოს აშშ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის საქმეთა მდივნის თანაშემწე ხოსე ფერნანდესი ეწვევა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს.
საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის სამთავრობო დელეგაცია ხოსე ფერნანდესის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში გაიმართება. სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას მხარეები ეკონომიკასა და ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ვიზიტის მსვლელობისას, ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გამართულ ღონისძიებაზე, გაფორმდება აშშ-საქართველოს შეთანხმება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში თანამშრომლობის შესახებ.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას 2009 წლის იანვარში, ვაშინგტონში მოეწერა ხელი. 2009 წლის ივნისში სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის პირველ სხდომაზე ქარტიის პირობების შესასრულებლად შეიქმნა ოთხი სამუშაო ჯგუფი - დემოკრატიის, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და ხალხთა შორის ურთიერთობის საკითხებში. დღევანდელი ვიზიტით სრულდება სამუშაო ჯგუფების შეხვედრათა პირველი რაუნდი, რომელსაც საქართველომ უმასპინძლა.