ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი ნიკა ლალიაშვილი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების გამოყენების უზრუნველყოფას ითხოვს. ეს მოთხოვნა ლალიაშვილმა დღეს პარლამენტში უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულებეთან ურთიერთობის საგარეო ურთიერთობათა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დააყენა, სადაც კომიტეტებმა სახელმწიფო მინისტრისგან დიასპორას საკითხებში სამოქმედო გეგმა მოისმინეს.
როგორც ლალიაშვილი აცხადებს, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი გადაუჭრელ პრობლემად რჩება. მას აინტერესებს, ახლა მაინც თუ არის რაიმე გეგმა დასახული ამ პრობლემის გადასაჭრელად. მისი თქმით, არჩევნებში არმონაწილეობა მათი კონსტიტუციური უფლების შელახვაა. ლალიაშვილი ითხოვს, რომ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგას, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველებმა არჩევნებში ხმის მიცემა ელექტრონული ფორმით შეძლონ.
ლალიაშვილის საპასუხოდ სახელმწიფო მინისტრმა დიასპორას საკითხებში პაპუნა დავითაიმ აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ეკონომიკურად საქართველოზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნისთვისაც სერიოზული პრობლემაა. თუმცა დავითაია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
მისი თქმით, პრობლემად რჩება ის, რომ არ არსებობს საკონსულოს ყველა იმ ადგილას გახსნის საშუალება, სადაც ქართველები ცხოვრობენ და ეს მათ საარჩევნო პროცესში მონაწილეობას ართულებს. რაც შეეხება აღნიშნული პრობლემის ელექტრონული ხმის მიცემით გადაწყვეტას, დავითაია აცხადებს, რომ ეს საკითხი მისი კომპეტენცია არ არის და ქრისტიან-დემოკრატებს შეუძლიათ აღნიშნული იდეით ცესკოს მიმართონ.