თბილისს მერობის კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს. არჩევნებში კენჭს მოძრაობა "სოლიდარობის" წევრი თამაზ ვაშაძე იყრის.
ვაშაძე თბილისის მთავრობას პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დროს ერთხელ უკვე ხელმძღვანელობდა.
მერობის კანდიდატს სამოქმედო გეგმა ჯერ არ აქვს, თუმცა ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ გამარჯვების შემთხვევაში თბილისის განვითარებაზე იზრუნებს, კოალიციურ მთავრობას შექმნის და მოსახლეობას მანიფესტაციების მოწყობის უფლებას ქალაქის ნებისმიერ წერტილში მისცემს.
"საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ", - ეს ვაშაძის საარჩევნო სლოგანია.
"მზად ვარ, სამშობლოს სიცოცხლე შევწირო და თუ ამის საშუალებას მომცემს ქართველი ხალხი, ვიქნები მათთვის სასურველი ქართველი. მიტინგები იქნება იქ, სადაც მოგინდებათ. ჩემს კაბინეტში გადაწყვეტთ მანიფესტაციის გამართვას? მობრძანდით და იქ ჩაატარეთ", - მიმართა ვაშაძემ საზოგადოებას დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.