ირაკლი ალასანია ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის შერჩევის კონსულტაციებზე უარის თქმას არ აპირებს. ამის შესახებ "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" - ს ლიდერმა დღეს, ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
"ერთიანი ოპოზიციური კანდიდატისკენ გადაგმული ნაბიჯი, ის ნაბიჯია საიდანაც უკან აღარ დავიხევ. მოძრაობა დაიწყო და ამ მოძრაობის თანამონაწილე მთელი საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი უნდა გახდეს. არ შეიძლება ვინმე გავმიჯნოთ ამ პროცესიდან. ერთიანობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ყველა, არამარტო პოლიტიკური ძალები, არამედ მთელი საზოგადოება ერთად დავდგეთ და ერთად ვიბრძოლოთ.ამიერიდან ჩვენ აღარ მოვითმენთ იმას, რომ ჩვენს თანამოაზრებს და მეგობრებს ავიწროებენ, აღარ მოვითმენთ იმას, რომ ბიზნესი რამდენიმე კაცის ხელშია და რაც მთავარია, აღარ მოვითმენთ იმას, რომ ეს ქალაქი და საქართველო ერთი კაცის სალაფი იყოს", _ განაცხადა ალასანიამ.
შეხვედრის დაწყებამდე ირაკლი ალასანიამ კიდევ ერთხელ უპასუხა კითხვას - დაიშალა თუ არა "ალიანსი." მისი თქმით, "ალიანსელებთან" ძირითად საკითხებზე აზრთა თანხვედრა აქვს, თუმცა არა ნოღაიდელთან დაკავშირებით.
ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ "რესპუბლიკელებმა" და"მემარჯვენეებმა" მერის არჩევნებში მის მაგივრად სოზარ სუბარის კანდიდატურას დაუჭირონ მხარი.