ჭადრაკის სასახლეში ქართული საზოგადოების შეკრება დასრულდა. კრებას საზოგადოების სხვადსხვა ცნობილი სახეები ესწრებოდნენ, მათ შორის ხელოვანები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.
შეხვედრას "საზოგადოებრივი დარბაზის" ხელმძღვანელი, დავით მაღრაძე უძღვებოდა. ჭადრაკის სასახლეში მისული ოპოზიციის მხარდამჭერების რიცხვი სასახლის დარბაზმა ვერ დაიტა და მათ უმრავლესობას ვერის ბაღში მოუწია დაცდა.
ტრიბუნასთან გამოსული ცნობილი სახეები, ძირითადად ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებას უჭერდნენ მხარს - ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის შერჩევის კონსულტაციებში ჩართვასთან დაკავშირებით და ოპოზიციას გაერთიანებისაკენ მოუწოდებდნენ. მათ შორის იყვნენ, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნონა გაფრინდაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, ჯანსულ ჩარკვიანი და სხვები.
"ერთიანობა თავად ღმერთს ნიშნავს რადგან ღმერთი ერთია, ერთიანობა აუცილებელია", - განაცხადა ჯანსულ ჩარკვიანმა.
ზაქარია ქუცნაშვილმა კი ერთიანი კანდიდატის შერჩევის ახალი ფორმულა წარმოადგინა - "ჯერ სოციოლოგიური გამოკითხვა, შემდეგ პრაიმერი".
"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემს მიერ შემუშავებული ფორმულა ეფექტურად იმუშავებს", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
დავით მაღრაძემ ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომლის მიხედვითაც თბილისის ერთიანი კრება უნდა შედგეს და მას საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეები მოიწვევენ - დათო მაღრაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, დაჩი ცაგურია და სხვები. ერთიანი კანდიდატის შერჩევის მეთოდს სწორედ ეს კრება გამოვლენს. აღნიშული კრების ჩატარების თარიღსა და რიცხვს "საზოგადოებრივი დარბაზი" უახლოეს დღეებში გაახმაურებს.