იტალიის ხელისუფლება ქვეყანაში აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მაქსიმ ღვინჯიას ვიზიტს უარყოფს.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია იტალიის საელჩოს ოფიციალურ ნოტაში, რომელიც დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიას იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვიტორიო სანდალმა გადასცა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ჯალაღანია ელჩს დღეს, დიპლომატის თხოვნით შეხვდა.
ნოტაში იტალიური მხარე ოფიციალურად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 8 თებერვალს, ქვეყანაში აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მაქსიმ ღვინჯიას ოფიციალური ვიზიტი არ განხორციელებულა და აღნიშნული პიროვნება იტალიაში კერძო ვიზიტით იმყოფებოდა.
ამასთან ერთად, საქართველოში იტალიის საელჩოს საკონსულო განყოფილებას არ გაუცია სამგზავრო ვიზა აღნიშნული პიროვნების სასარგებლოდ. ელჩის განცხადებით, მისი ქვეყანა მომავალშიც ევროკავშირის მიერ გაცხადებული არაღიარების პოლიტიკის ერთგული დარჩება.
იტალიის ელჩმა დაადასტურა მისი ქვეყნის მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში.