პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად, ოპოზიციის ერთ ნაწილში მიმდინარე კონსულტაციები პოლიტიკური ვაჭრობის ელფერს იღებს.
"მოლაპარაკაბები სულ უფრო იღებს ვაჭრობის ელფერს. პოლიტიკური ვაჭრობა კი, იქნება ეს სკამების გადანაწილებასა, თუ ერთიან კანდიდატზე, ნაკლებად მიმზიდველია თავად ამომრჩევლისთვის. პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა მკაფიო და გამჭვირვალე შეთავაზებები უნდა გააკეთონ - თუნდაც საკუთარი თავისა, ოღონდ, მთავარია ეს იყოს არგუმენტირებული", განუცხადა ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" და აქვე განმარტა, რომ "საიდუმლო სერობების პრივილეგია, უფრო ეჭვს ბადებს საზოგადოებაში, ვიდრე სანდოობას იწვევს ასეთი პროცესებისადმი".
რაც შეეხება ოპოზიციის დაქსაქსულობას, პოლიტოლოგის შეფასებით, პოლიტიკური უმცირესობა "მრავალ ნაწილადაა დაქუცმაცებული და რაც დრო გადის, სულ უფრო პრობლემური ხდება მისი გაერთიანება".
"ოპოზიციის დიდი წარმატება იქნებოდა მხოლოდ ორად რომ ყოფილიყო გაყოფილი. სინამდვილეში, მიმაჩნია, რომ ის დაქუცმაცდა მრავალ ნაწილად და რაც დრო გადის, სულ უფრო პრობლემურია მისი გაერთიანება", - განმარტა პოლიტოლოგმა, რომელსაც მიაჩნია, რომ ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ არ ამოწურულა, უმცირესობის შიგნით "რაიმე ტიპის ურთიერთგაგების" მიღწევაა.