ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელებას ხელს ვერაფერი შეუშლის, აღნიშნულის შესახებ განცხადება, ბაქოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა.
„ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. იყო გარკვეული პრობლემები პროექტის კოორდინატებთან მიმართებაში , რომელიც უკვე დაზუსტებულია საქართველოს პარლამენტის მიერ. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. გვირაბის მშენებლობას უახლოეს დღეებში განახლდება, რომელიც საქართველოს თურქეთთან დააკავშირებს. დავაზუსტებ, რომ ეს ჩვენთვის სტრატეგიული პროექტია და მის განხორციელებას არანაირი პრობლემა ვერ შეაფერხებს"- განაცხადა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი არის ახალი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ხაზებს.
ამ პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთის გავლით, გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი კასპიის ზღვიდან ევროპისკენ, რომელიც საბოლოოდ გამორიცხავს საზღვაო გზით გადაზიდვის საჭიროებას მას მერე, რაც სტამბულში, ფოსფორის სრუტეში გამავალი რკინიგზის გვირაბის მშენებლობა დასრულდება. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით ასევე შესაძლებელი იქნება დერეფნის გახსნა, რომელიც რუსეთს თურქეთთან დააკავშირებს. ამ ხაზით მოხდება როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო გადაყვანები და ის მოიაზრება როგორც ალტერნატიული სატვირთო ტრანსპორტირების გზა ირანიდან მომავალი არსებული სატრანზიტო გზების ნაცვლად. კომპანიის მენეჯმენტი ფიქრობს, რომ ახალი სარკინიგზო ხაზი გაზრდის ტვირთბრუნვის, კერძოდ კონტეინერებით გადაზიდვადი ტვირთის მოცულობას, თუმცა იმის გამო, რომ სარკინიგზო გზა ახალია, მენეჯმენტის აზრით, მნიშვნელოვანი მოცულობის მიზიდვას დრო დასჭირდება. ამჟამინდელი ტვირთბრუნვის მიხედვით და სარკინიგზო ხაზის დაგეგმილ დროს გახსნის შემთხვევაში, მენეჯმენტი ფიქრობს, რომ 2015 წლისთვის კომპანიას შეეძლება შეცვალოს ამჟამად არსებული მინიმუმ 2 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვის მარშრუტი (უმთავრესად მშრალი ტვირთის, რომელის გადაზიდვაც ამჟამად სატვირთო მანქანებით ხდება) თურქეთის, კავკასიის, რუსეთისა და ცენტრალური აზიას შორის.
ბაქო_თბილისი_ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2008 წელს და იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა - ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე.
მენეჯმენტის აზრით, თურქეთსა და ცენტრალურ აზიას შორის გაზრდილი ვაჭრობა უზრუნველყოფს მნიშვნელოვან შესაძლებლობას სავაჭრო ნაკადის მოსაპოვებლად, კერძოდ ცენტრალური აზიიდან თურქეთში იმპორტირებული ნედლეულისა და თურქეთიდან ექსპორტირებული პროდუქციის. თურქულ-რუსული ვაჭრობის გათვალისწინებით, მენეჯმენტის აზრით, არსებობს დამატებით მოცულობის მოპოვების შესაძლებლობა, კერძოდ მშრალი ტვირთის, რომლის გადაზიდვაც ამჟამად ირანის, ან რუსულ-შავი ზღვის გზით ხდება.