ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, აშშ, ევროპა და არაბული სამყარო გაზრდის სირიის ოპოზიციური ძალების მხარდაჭერას იმ შემთხვევაში თუ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი მეტი სერიოზულობით არ მიუდგება სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც ივნისში დაიწყება.
საუბარია საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც იორდანიის დედაქალაქ ამანში გაიმართება. სირიის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით საერთაშორისო კონფერენციის მოწვევაზე აშშ და რუსეთი რამდენიმე თვის წინ შეთანხმდნენ. კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი უკვე მრავალმა ქვეყნამ გამოთქვა.
ჯონ კერი ბაშარ ასადს მოუწოდებს სერიოზულად დაიწყოს თავის ქვეყანაში მშვიდობიანი პროცესებისთვის საჭირო გზების ძებნა. სახელმწიფო მდივნის განცდახებით, სიტუაციას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ სახელისუფლებო ძალების მხარეს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მხარდაჭერით, ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას" ბოევიკები იბრძვიან.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება სირიაში და კონფლიქტი სახელისუფლებო და ოპოზიციურ ძალებს შორის უკვე ორი წელია გრძელდება. გაეროს მონაცემებით, ამ ხნის განმავლობაში 80 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.
მასალის გამოყენების პირობები