უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ორმა რუსულმა დრონმა ნეიტრალურ წყლებში თურქულ სამოქალაქო გემს დაარტყა, რომელსაც მარცვლეული გადაჰქონდა, ინციდენტის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი.
ზელენსკის თქმით, გემი თურქეთს ეკუთვნოდა და ნეიტრალურ წყლებში იმყოფებოდა. ბორტზე აზერბაიჯანისა და ინდოეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
„ნეიტრალურ წყლებში სამოქალაქო გემზე, რომელსაც სიმინდი გადაჰქონდა და რომელიც თურქეთს ეკუთვნოდა, ორი რუსული დრონის საშინელი დარტყმა განხორციელდა. ბორტზე აზერბაიჯანისა და ინდოეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ გემის კაპიტანი დაიღუპა, კიდევ ერთი ადამიანის ბედი კი დგინდება. [მოგვიანებით გაირკვა, რომ 2 ადამიანია დაღუპული] ეკიპაჟის 11 წევრის გადარჩენა მოხერხდა, მათგან ერთი დაშავდა.
ზელენსკის თქმით, უკრაინას არაერთხელ აქვს შეთავაზებული შავი ზღვის დეესკალაციისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის მსგავსი წინადადებები მესამე ქვეყნებმაც წამოაყენეს.
„რუსეთი ნორმალური ნაოსნობის ნაცვლად თანმიმდევრულად ირჩევს ტერორს და სამოქალაქო გემების ჩაძირვას. გლობალური სასურსათო უსაფრთხოების აღსადგენად საჭიროა ზეწოლის განხორციელება. და ყველამ, ვისაც ეს ნამდვილად აინტერესებს, თავისი წვლილი უნდა შეიტანოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მანამდე Reuters-მა რუმინეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის ტერიტორიული წყლების მიღმა, თურქულ გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 11-ის გადაარჩენა კი მოხერხდა.