გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ირანის ისლამური რესპუბლიკა უკანასკნელი თვეების განმავლობაში დაჩქარებული ტემპებით აგრძელებს საკუთარ ბირთვულ პროგრამას, რომლის მიზანს, საერთაშორისო თანამეგობრობის ვარაუდით, წარმოადგენს ბირთვული იარაღის შექმნა.
საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს ირანმა დამატებით დაამონტაჟა 700 მაღალტექნოლოგიური დანადგარი, რომელიც ურანის გამდიდრებისთვისაა განკუთვნილი. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სააგენტოს მცდელობა ოფიციალური თეირანისგან მიეღო დასაბუთებული პასუხები ირანის ბირთვული პროგრამის სამხედრო პოტენციალის საფრთხის არ არსებობის შესახებ წარუმატებლად დასრულდა.
ამავე დროს, საერთაშორისო სააგენტოს ანგარიში ხაზს უსვამს სიტუაციის მშვიდობიანად დარეგულირების ჯერ კიდევ არსებულ შესაძლებლობას. სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, ირანის მიერ გამდიდრებული ურანის რაოდენობა ჯერ-ჯერობით კვლავ მცირეა და ისრაელის მიერ გავლებული „წითელი ხაზის" ქვემოთაა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, მას შემდეგ, რაც ირანის მიერ გამდიდრებული ურანის რაოდენობა მათ მიერ დაწესებულ „წითელ ხაზს" აცდება, ისრაელის სახელმწიფო კონკრეტულ ქმედებებზე გადავა.
ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების განცხადებით, თეირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო მიზნებს ემსახურება.