დღეს, 24 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის ინაგურაციაზე დასასწრებად მიემგზავრებიან.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას არ დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიხეილ სააკაშვილის არდასწრების გამო განმარტებას აკეთებს. ბაქრაძის განმარტებით, ინაგურაციაზე, როგორც წესი, მასპინძელი ქვეყანა აგზავნის მიწვევას, ჩავიდეს სტუმარი ქვეყნიდან მაღალი რანგის დელეგაცია, თუმცა სტუმარი ქვეყანა თავად წყვეტს, ვინ გაუშვას ინაუგურაციაზე.
"ბევრი ქვეყნიდან ინაგურაციას ესტუმრება საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი, პრემიერი ან პარლამენტის თავმჯდომარე. ბუნებრივია, შესაძლოა, პრეზიდენტიც მონაწილეობდეს ინაგურაციაზე, თუმცა პრეზიდენტის მონაწილეობა იშვიათია. გამონაკლის შემთხვევაში, უფრო პოლიტიკური ურთიერთობებისთვის, ინაგურაციას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე", - განაცხადა ბაქრაძემ.
აღნიშნულ საკითხზე განმარტებების გაკეთება მაჭავარიანსაც მოუწია. მან აღნიშნა, რომ ბაქრაძისა და მისი უკრაინაში გამგზავრება სააკშვილმა თავად გადაწყვიტა.