მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ივანე მერაბიშვილის დაკავებამ შესაძლოა საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
,,ვანო მერაბიშვილის ჩემი წარდგენა ქართული საზოგადოებისთვის არ სჭირდება. ვფიქრობ, მისი საქმიანობის დადებითი თუ უარყოფითი ასპექტები ჩვენმა საზოგადოებამ და ძირითად დადებითი, ყველზე კარგად იცის და ვერცერთი პროკურორი, მოსამართლე საზოგადოების ვერდიქტს მასთან მიმართებაში ვერ ჩაანაცვლებს", -განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მთავრობა უნდა დაფიქრდეს რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავებას.
,,უკრაინაში მოხდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავება, ბევრად უფრო სერიოზული ბრალდებით ვიდრე წაუყენეს მერაბიშვილს. ამის შემდეგ რა მდგომარეობაში უკრაინა? უკრაინა გაყინულია ინტეგრაციის პროცესში ევროკავშირთან მიმართებაში. უკვე ორი წელია, პრაქტიკულად, არანაირი წინსვლა ევროკავშირისა და ნატოსთან მიმართულებით ამ ქვეყანას არ აქვს. მას შეექმნა სერიოზული პრობლემები ორმხრივ ურთიერთობებში, პრაქტიკულად, ყველა წამყვან ევროპულ ქვეყანასთან, მათ შორის აშშ–სთან", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ შესაძლოა საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცეს.
,,ამხელა უკრაინა ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური მოტივებით დაკავების გამო, პრაქტიკულად, აღმოჩნდა სერიოზულ საერთაშორისო იზოლაციაში. საქართველო ბევრად უფრო პატარაა ქვეყანაა და უფრო ნაკლებად ვჭირდებით დასავლეთს, ვიდრე უკრაინა, მაგრამ მეტად ვჭირდებით უფრო რუსეთს", -განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ რუსეთის ინტერესებშია მოხდეს საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია.