„დღეიდან იწყება დიდი სასამართლო რეფორმის განხორციელება", - განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაქარია ქუცნაშვილმა. მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განცხადება შეიტანა, რათა მოწვეულ იქნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, როემლიც ახალი ცვლილებების გათვალისწინებით, შეიმუშავებს და მოსამართლეთა მეათე კონფერენციას დასამტკიცებლად რეგლამენტის პროექტს წარუდგენს, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონთან სრულ შესაბამისობაში იქნება მოყვანილი. ქუცნაშვილის თქმით, რეგლამენტი განსაზღვრავს მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარებას. „ამისთვის საჭიროა, სასწრაფოდ მოხდეს შეკრება, რეგლამენტი მოვიდეს კანონში ცვლილებებთან შესაბამისობაში, რათა სამართლიანი სასამართლოს რეფორმის განხორციელებას ხელი არ შეეშალოს". ცვლილებებს „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გუშინ მოაწერა ხელი და იგი დღეიდან, 21 მაისიდან ამოქმედდება.
მასალის გამოყენების პირობები