ამერიკის შეერთებულ შტატებში უკანასკნელ პერიოდში მომხდარმა პოლიტიკურმა სკანდალებმა ქვეყნის პრეზიდენტის ბარაკ ობამას რეიტინგზე გავლენა ვერ იქონიეს. მოსახლეობის გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც ამერიკელების 53%-მა პრეზიდენტის ნაბიჯები დადებითად შეაფასა, სი-ენ-ენმა ჩაატარა.
უკანასკნელი კვირა ბარაკ ობამასთვის საკმაოდ მძიმე გამოდგა. ადმინისტრაცია იძულებული გახდა, თავი ემართლებინა ბენგაზაში მომხდარი ტერაქტის შედეგად საელჩოს ოთხი თანამშრომლის დაღუპვის, საგადასახადო სამსახურის ყოფილი უფროსისა და სააგენტო „ასოშიეტიდ პრესის" ჟურნალისტების გარშემო ატეხილი სკანდალების გამო.
კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 53% ბარაკ ობამას ქმედებებს აღნიშნულ თემებთან მიმართებაში გამართლებულად მიიჩნევს, ხოლო უარყოფით შეფასებას აძლევს 45%. გარდა ამისა, გამოკითხულთა 70% აცხადებს, რომ ობამას ახსნა-განმარტებები მათთვის დამაკმაყოფილებელი იყო. სატელეფონო გამოკითხვაში ამერიკის 923 სრულწლოვანი მოქალაქე მონაწილეობდა.