ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთი ჰიბრიდული თავდასხმებითა და დივერსიის მცდელობებით ევროპის მასშტაბით ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. ამის შესახებ მან ბრიუსელში, მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ვასილე ტოფანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
კალასის თქმით, ბოლო კვირებში ევროპაში რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების, დივერსიის მცდელობებისა და საჰაერო სივრცის დარღვევების ზრდა შეინიშნება.
„ბოლო კვირებში ევროპა რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების, დივერსიის მცდელობებისა და საჰაერო სივრცის დარღვევების ზრდის მოწმეა. რუსულმა რაკეტებმა და დრონებმა კვლავ დაარღვიეს მოლდოვის საჰაერო სივრცე. ეს სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, მოლდოვის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა და რაკეტებმა ამ შაბათ-კვირას კვლავ გადაკვეთეს. მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 30 სექტემბერს ქვეყნის საჰაერო სივრცეში სამი დრონი შევიდა.
კალასის განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ 30 სექტემბერს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მასშტაბური საჰაერო იერიში. Reuters-ის ინფორმაციით, ეს ბოლო თვეებში ენერგოობიექტებზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური კომბინირებული თავდასხმა იყო.