სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ფეისალ მეკდადის მამა ქვეყნის სამხრეთით მდებარე პროვინცია დერას სოფლიდან გაიტაცეს. 80 წლის მოხუცის გატაცების ფაქტს ადასტურებს როგორც სახელისუფლებო ასევე ოპოზიციური ძალა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით პოლიციამ სავარაუდო გამტაცებლების ნათესავები დააკავა.
ინციდენტი მოხდა მეორე დღესვე მას შემდეგ, რაც, პროვინციაში გახშირებული გატაცებების შემდეგ, სახელისუფლებო და ოპოზიციური ძალები შეთანხმდნენ, აღარ გაეტაცებინათ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლების ოჯახის წევრები.
ფეისალ მეკდადი ბაშარ ასადის ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ წევრად ითვლება. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, სირიის დედაქალაქ დამასკოში ავტომობილის აფეთქების შესახებ, რასაც ხელისუფლების განცხადებით სამი ადამიანი, ხოლო ოპოზიციის ინფორმაციით მინიმუმ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება და კონფლიქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე ორი წელია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში გაეროს მონაცემებით 80 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონნახევარი ლტოლვილად იქცა.