ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი 21-27 მაისს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში გამართავს ტურნეს, რომლის ფარგლებში სირიისა და მთლიანად რეგიონის კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირების საკითხს განიხილავს. სახელმწიფო მდივნის ტურნეს შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
21 მაისს ჯონ კერი ომანს ეწვევა, სადაც ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს, ხოლო მომდევნო დღეს იორდანიის დედაქალაქ ამანში გადაინაცვლებს. „სახელმწიფო მდივანი შეხვდება საკვანძო საერთაშორისო პარტნიორებს და განიხილავს სამომავლო გზებს, რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კონფლიქტის მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა და რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
23-24 მაისს ჯონ კერი ეწვევა იერუსალიმსა და რამალაჰს, სადაც ისრაელისა და პალესტინის ადმინისტრაციის წარმოამდგენლებს შეხვდება. 24-25 მაისს სახელმწიფო მდივანი გადაინაცლებს ეთიოპიის დედაქალაქ ადისაბებეში, სადაც აფრიკის კავშირის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 26 მაისს დაბრუნდება ამანში, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება.