ავღანეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ კანდაგარში მომხდარ ორ აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ტერაქტის შესახებ ბი-ბი-სი ქვეყნის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ტერორისტული აქტის შედეგად 50 ადამიანზე მეტი დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან ბავშვები. აფეთქებები კანდაგარში აღმოჩნდა ავღანეთის დედაქალაქში თვითმკვლელი ტერორისტის იერიშის გაგრძელება.
შეგახსენებთ, რომ ქაბულში ავტოკოლონაზე თვითმკვლელი ტერორისტის იერიშის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ნატოს შეიარაღებული ძალების ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და კოალიციის მიერ დაქირავებული ოთხი სამოქალაქო პირი. დანარჩენი მსხვერპლი ავღანეთის მშვიდობიანი მოქალქეები იყვნენ, რომლებიც აფეთქების დროს შემთხვევის ადგილიდან შორი-ახლოს იმყოფებოდნენ.