საფრანგეთი სირიის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში ირანის ისლამური რესპუბლიკის მონაწილეობას ეწინააღმდეგება. ინფორმაციას ბი-ბი-სი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საუბარია მთლიანად რეგიონში მშვიდობის დამყარების საკითხზე, ამიტომ ქვეყანა, რომელიც სამშვიდობო პროცესისთვის საფრთხის მატარებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაშვებული არ უნდა იქნეს.
საერთაშორისო კონფერენციაში ირანის მონაწილეობის საკითხი რუსეთის ფედერაციამ გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი მუნთან მოლაპარაკებების დროს წამოაყენა. შეხვედრისას ბან კი მუნი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საბოლოოდ შეთანხმდნენ იმაზე, რომ კონფერენცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს მოწვეული.
შეგახსენებთ, რომ სირიის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებაზე ამერიკა და რუსეთი ორმხრივი მოლაპარაკებებისას შეთანხმდნენ. კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი უკვე მრავალმა ქვეყანამ გამოთქვა.
სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება და კონფლიქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე თითქმის ორი წელია გრძელდება. ამ დროის განმავლობაში 80 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო ლტოლვილთა რიცხვმა გაეროს ბოლო მონაცემებით მილიონნახევარს მიაღწია.