ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი გუშინ თბილისში განვითარებული მოვლენების გამო შოკირებულია.
"საზოგადოებრივი მაუწყებელის" ცნობით, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მომხდარ მოვლენებს უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული წერილით ეხმაურება.
"მინისტრი შოკირებულია თბილისში გამართული ანტი-გეი დემონსტრაციით", - ნათქვამია განცხადებაში.
"საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანს ტიმერმანი გამოხატავს შეშფოთებას თბილისში განვითარებული მოვლენების გამო. ანტი-გეი აქტივისტების კონტრ-დემონსტრაციამ ძალადობრივი ხასიათი შეიძინა, რის გამოც დაშავდნენ ადამიანები. ეს დაუშვებელია, განსაკუთრებით ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რადგან ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება საკუთარი ფუნდამენტური უფლებები გამოეყენებინათ, რაც მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას გულისხმობს", - ნათქვამია განცხადებაში.
ნიდერლანდები ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად შეახსენებს საქართველოს მთავრობას, რომ პოლიციამ ამ ადამიანთა უფლებები უნდა დაიცვას.
"ნიდერლანდების ხელისუფლება გამოიძახებს საქართველოს ელჩს ჰააგაში იმისთვის, რომ საკუთარი უკმაყოფილება გამოხატოს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართულმა აქციამ სასულიერო პირებისა და მრევლის წინააღმდეგობა გამოიწვია. მათ ლგბტ პირებს აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
მასალის გამოყენების პირობები