„ახალი მემარჯვენეები" რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და განმარტავენ, რომ ის, რაც რუსთაველის გამზირზე დღეს მოხდა არის შემაშფოთებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩარჩოებში არანაირად არ ჯდება.
„ისეთ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება თავის ფუნქციას სრულფასოვნად ვერ ასრულებს, სახელმწიფო ვერ შედგება. ნებისმიერი ძალადობა და აგრესია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ვერ ან არ აღიკვეთება, წარმოშობს კიდევ უფრო დიდ ძალადობას, რომელიც ზიანს აყენებს და ხიფათს უქმნის სახელმწიფოს.
ვთვლით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამწუხაროდ, კვლავ ვერ შეძლო მოქალაქეთა ჯგუფებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილება და პროცესმა უკიდურესად სახიფათო სახე მიიღო.
როგორც არ უნდა არ მოგწონდეს სხვისი აზრი, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს გარკვეული ჯგუფების პოზიცია, არავის აქვს უფლება შელახოს გამოხატვის თავისუფლება და ფიზიკურად გაუსწორდეს განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებს, ისევე, როგორც არავის აქვს სიძულვილის და ძალადობის წახალისების უფლება. კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების გარანტი ქვეყანაში არის ხელისუფლება და მას უნდა შესწევდეს ძალა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვა.
აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მომხდარზე ეკისრება ხელისუფლებას და მას მართებს მიიღოს კანონით დაშვებული ყველა ზომა, რათა შემდგომში მოქალაქეთა ჯგუფების პროტესტი უკანონობაში არ გადაიზარდოს"- ნათქვამია „ახალი მემარჯვენეების" განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები