ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ქალებს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წამოყენების უფლება კვლავ არ ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. ირანის კონსტიტუციის დაცვის საბჭოს წევრის მოჰამედ იაზდის განცხადებით, ქვეყნის კონსტიტუცია არ აძლევს საშუალებას ქალებს, იყვნენ პრეტენდენტები ირანის პრეზიდენტის პოსტზე.
საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, იყო შანსი, ისტორიაში პირველად საპრეზიდენტო მარათონში ქალებსაც მიეღოთ მონაწილეობა და ამ შანსის გამოყენებას ათეულობით ირანელი ქალი აპირებდა. ირანის ხელისუფლების მონაცემებით, პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრირებულთა შორის 30 ქალია, მაგრამ საბოლოო სიას კონსტიტუციის დაცვის საბჭო ამტკიცებს, შესაბამისად, საბოლოო სიაში ქალები ვერ მოხვდებიან.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციაში არ არის მკაფიოდ განსაზღვრული ინსტრუქციები იმის შესახებ, შეუძლიათ თუ არა ქალებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
შეგახსენებთ, რომ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა ზუსტი სია 22-24 მაისს გამოცხადდება. ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჯადს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, რადგან ის ამ პოსტზე უკვე ზედიზედ ორჯერ აირჩიეს.