ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქვეყნის საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დენიელ უერფელი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დენიელ უერფელი უხელმძღვანელებს საგადასახადო სამსახურს და იქნება ის ადამიანი, ვინც ძალღონეს არ დაიშურებს, რათა სისტემას ხალხის ნდობა დაუბრუნოს და კეთილსინდისიერად მართოს", - ნათქვამია თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2009 წლიდან დენიელ უერფელი თეთრ სახლში საბიუჯეტო ინსპექტორად მუშაობდა. ბარაკ ობამას განცხადებით, ის ერთნაირად პატიოსნად მოღვაწეობდა როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების მმართველობისას.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის საგადასახადო სამსახურის ყოფილი უფროსი სტივენ მილერი სამსახურიდან სკანდალის ფონზე გაათავისუფლეს. როგორც გაირკვა, დენიელ უერფელის წინამორბედი გადამეტებულად ამოწმებდა იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებიც ოპონირებას უწევდნენ მოქმედ ხელისუფლებას.