სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი პოლიტიკური ასპარეზიდან უნდა წავიდეს. ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვაშინგტონში თურქეთის პრემიერ-მინისტრთან რეჯებ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ჩვენ შევთანხმდით გავაძლიეროთ ზეწოლა ბაშარ ასადის რეჟიმზე და აქტიურად ვითანამშრომლოთ სირიის ოპოზიციურ ძალებთან. ჩვენ, ორივე მხარე ვფიქრობთ, რომ ბაშარ ასადი პოლიტიკური ასპარეზიდან უნდა წავიდეს", - განაცხადა ბარაკ ობამამ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთისგან მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ელის სირიის საკითხებზე დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელსაც ამერიკის ძალისხმევით სირიის ამჟამინდელი სახელისუფლებო და ოპოზიციური ძალაც დაესწრება.
ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატების სურვილია ქვეყანაში შეიქმნას ორივე მხარისთვის მისაღები გარდამავალი ხელისუფლება, რომელიც თავისუფალი იქნება ბაშარ ასადის ტირანიისგან.
შეგახსენებთ, რომ სირიის კონფლიქტის განხილვისა და გადაწყვეტის გზების გამონახვის მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზების საკითხზე მაისის დასაწყისში შეთანხმდნენ. კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი უკვე მრავალმა ქვეყანამ გამოთქვა.
სირიაში სამოქალაქქო დაპირისპირება და კონფლიქტი სახელისუფლებო ძალებსა და ოპოზიციას შორის უკვე თითქმის ორი წელიწადია გრძელდება. ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა მონაცემით 70 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ნახევარ მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.