გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც სირიის ხელისფულება და ბაშარ ასადი ამბოხებულების წინააღმდეგ მძიმე შეიარაღების გამოყენების გამო მკაცრად გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ბი-ბი-სი ავრცელებს. ამასთან, რეზოლუცია მხარეებს მოუწოდებს, დაიწყონ გარდამავალი ხელისუფლების ფორმირება.
რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული, თუმცა ბევრმა ქვეყანამ კენჭისყრის დროს საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდა რუსეთის ფედერაცია, რომელმაც მიღებულ დოკუმენტს არადაბალანსირებული უწოდა.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება და კონფლიქტი სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე თითქმის ორი წელია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში დაიღუპა დაახლოებით 70 ათასი ადამიანი, ხოლო ნახევარ მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.