ერაყის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების სერია განხორციელდა, რის შედეგადაც 30 ადამიანზე მეტი დაიღუპა, ხოლო 70-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას ტერაქტების შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი" ავრცელებს. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული 5 ავტომობილი აფეთქდა ქალაქ ბაღდადის სხვადასხვა რაიონში. ავტომობილის აფეთქების პარალელურად ქალაქ კირკუკში ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის უფროსის დაცვის სამსახურთან ამოქმედდა. გარდა ამისა, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქ ტარნიას პოლიციის განყოფილებას შეუტია.
ერაყში სუნიტებსა და შიიტებს შორის დაპირისპირებამ აქტიური ხასიათი მიიღო 2011 წელს ქვეყნიდან ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ. 2013 წლის დასაწყისიდან მოყოლებული ერაყში ტერორისტული აქტების შედეგად ყოველთვიურად 200 ადამიანზე მეტი იღუპება.