ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის პროცესის გახანგრძლივებაზე თანახმაა, თუმცა მხოლოდ 10 დღით. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოდან აცნობეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების განცხადებას მონიტორინგის ვადების გაგრძელების შესახებ ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა
შეგახსენებთ, რომ ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, სიების მონიტორინგს პარტიები 5 თებერვლიდან 15 მარტამდე ახორციელებენ. მონიტორინგის შედეგები ცესკოს უნდა მიეწოდოს 15 მარტიდან 31 მარტამდე. სიების მონიტორინგის შედეგებს განიხილავს ცესკო და შემდგომ ამისა მოხდება მონაცემების ასახვა ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, ამომრჩეველთა სიების მონიტორინგში მონაწილეობას იღებენ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები, ანუ ის პარტიები, რომლებიც დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ. ამ ეტაპზე მონიტორინგში მონაწილეობს 12 პარტია.
სიების მონიტორინგის პროცესში ასევე ჩართულია ის პოლიტიკური პარტიებიც (არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები), რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას არ იღებენ ("ხალხთან მეგობრობის პარტია", "სამართლიანი საქართველოსთვის").
სიების მონიტორინგის განხორციელებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს გადაერიცხათ 1 200 000 ლარი. თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო 100 000 ლარი.