ნიგერიის პრეზიდენტმა გუდლაკ ჯონათანმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სამ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ფრანს პრესი ავრცელებს. ნიგერიის ხელისუფლება ექსტრემისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის" ბოევიკების მოსალოდნელ იერიშებს უფრთხის.
„მე ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის სამ შტატში - ბორნოში, იობესა და ადამავაში", - ნათქვამია ჯონათანის განცხადებაში. პრეზიდენტის განკარგულებით, აღნიშნულ სამ შტატში უსაფრთხოების მიზნით დამატებით გადაყვანილია შეიარაღებული ძალების რამდენიმე დანაყოფი.
ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი" ქვეყნის ჩრდილოეთით მოქმედებს, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მუსულმანები არიან. დაჯგუფება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შარიათის კანონების გავრცელებისკენ ისწრაფვის და სურს, ნიგერია დასავლური ცივილიზაციის ელემენტებისგან გაწმინდოს. „ბოკო ჰარამი" დგას თითქმის ყველა ტერორისტული აქტის უკან, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ნიგერიაში განხორციელდა. გასულ კვირას ბოევიკების შეტევის შედეგად ქალაქ ბამაში 55 ადამიანი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები