თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადგინეს, რომ სირიის საზღვართან ქალაქ რეიჰანლში განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორებმა შემსრულებლებს 130 ათასი თურქული ლირა გადაუხადეს, რაც დაახლოებით 72 ათასი ამერიკული დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ჰარიერი ავრცელებს.
ძიებამ ასევე დაადგინა, რომ ტერორისტების თავდაპირველ მიზანს ანკარას ერთ-ერთი ხალხმრავალი ქუჩა წარმოადგენდა, მაგრამ ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანსპორტირებისას შექმნილი სირთულეების გამო, ტერაქტი სირიის საზღვართან ახლოსვე განხორციელდა. სამართალდამცავებმა, თავდაპირველად, აფეთქებების მოწყობაში ეჭვმიტანილი 9 ადამიანი დააკავა, ახლა მათი რაოდენობა ცამეტს შეადგენს. ჯერჯერობით ოფიციალურად ბრალი არცერთი მათგანისთვის არ წაუყენებიათ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი აფეთქებების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი მძიმედ დაშავდა.