ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის ერიკ ჰოდლერის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლების მიერ სააგენტო „ასოშიეითიდ პრესის" ჟურნალისტების სატელეფონო ზარების შესახებ მონაცემების ამოღება გამოწვეული იყო ინფორმაციის გაჟონვით, რაც საფრთხის ქვეშ აყენებდა ამერიკელების სიცოცხლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბი-ბი-სი ავრცელებს.
ერიკ ჰოდლერი ინციდენტთან რაიმე სახით კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი 40-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ინფორმაციის ეს გაჟონვა იყო ყველაზე სახიფათო.
შეგახსენებთ, რომ სააგენტო Associated Press-მა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება თავისი ჟურნალისტების ტელეფონების მოსმენაში დაადანაშაულა. განცხადებაში, რომელიც სააგენტოს საიტზე განთავსდა, ნათქვამი იყო, რომ საქმე ეხება სააგენტოს საქმიანობაში „მასშტაბურ და უპრეცედენტო ჩარევას".
სააგენტოს განცხადებით, 2012 წლის აპრილ-მაისში, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, ყველა შემომავალ ზარს უსმენდნენ და იწერდნენ. საბოლოო ჯამში, ისმინებოდა ოცი სატელეფონო ხაზი, რომლითაც სააგენტო და ჟურნალისტები სარგებლობდნენ.