სააგენტო Associated Press-მა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება თავისი ჟურნალისტების ტელეფონების მოსმენაში დაადანაშაულა. განცხადებაში, რომელიც სააგენტოს საიტზეა განთავსებული, აღნიშნულია, რომ საქმე ეხება სააგენტოს საქმიანობაში „მასშტაბურ და უპრეცედენტო ჩარევას".
სააგენტოს განცხადებით, 2012 წლის აპრილ-მაისში, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, ყველა შემომავალ ზარს უსმენდნენ და იწერდნენ.საბოლოო ჯამში, ოცი სატელეფონო ხაზი ისმინებოდა, რომლითაც სააგენტო და ჟურნალისტები სარგებლობდნენ.
წერილში, რომელიც Associated Press-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გერი პრუიტომმა ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურ პროკურატურას გაუგზავნა, ნათქვამია, რომ მათი თანამშრომლების სატელეფონო საუბრების მოსმენით ინფორმაციის შეგროვებას, არანაირი გამართლება არ აქვს. ჟურნალისტებს, თავისი საქმიანობის ფარგლებში, აქვთ უფლება გამოიყენენ კონფიდენციალური წყაროები, განსაკუთრებით, ჟურნალისტური გამოძიებისას, მაგრამ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, მოუსმინოს მათ - აღნიშნავს აღმასრულებელი დირექტორი.
სამართალდამცავ ორგანოებს Associated Press-ის ტელეფონების მოსმენის ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებიათ, თუმცა, ცნობილია, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო სააგენტოს საქმიანობით ერთ-ერთი პუბლიკაციის შემდეგ დაინტერესდა, რომელიც გარკვეული სპეცოპერაციების დეტალებს ეხებოდა, რასაც ცენტრალური სადაზვერვო სამსახური იემენში ატარებდა.
მასალის გამოყენების პირობები