ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახმა შესაძლოა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს უჩივლოს.
ამ ინფორმაციას ჟურნალისტებთან საუბარში კულტურის მინისტრი ნიკა რურუა ამ ეტაპზე არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
"სულ რამდენიმე დღეა, რაც ქართველი სპორტსმენი მიწას მივაბარეთ და ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა როგორც ოჯახი მოინდომებს და გადაწყვეტს ისე იქნება. თუ ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ ჩივილს გადაწყვეტს, ან კომპენსაციას მოითხოვს, სახელმწიფო გვერდში დაუდგება, თუმცა ჯერ გამოძიების ოფიციალური რეზულტატის დადებას უნდა დაველოდოთ", - განუცხადა რურუამ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე განმარტებით, მომხდარ ტრაგედიაზე კანადის შესაბამისმა უწყებამ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა, თუმცა გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი 13 თებერვალს, ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, სავარჯიშო დაშვების დროს დაიღუპა.
.