თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ რეიჰანლში მომხდარ აფეთქებებში ეჭვმიტანილი 9 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბეშირ ატალაიმ აცნობა. ყველა დაკავებული თურქეთის მოქალაქეა.
„ჩვენ მივაღწიეთ დიდ წარმატებას დამნაშავეების დაკავების მხრივ. კიდევ რამდენიმე ადამიანი იძებნება, მაგრამ მათი ძებნის პროცესი დიდ დროს არ წაიღებს", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა და დაამატა, რომ დაკავებულებს არანაირი კავშირი არ აქვთ სირიასთან ან რეგიონში მცხოვრებ სირიელ ლტოლვილებთან.
შეგახსენებთ, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი აფეთქებების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი მძიმედ დაშავდა.