ოფიციალური თეირანი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სირიის საკითხებზე დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში. ამის შესახებ განცხადება ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აკბარ სალეჰიმ გააკეთა.
ირანი პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის მომხრეა. ამასთან, როგორც სალეჰი განმარტავს, ირანის ხელისუფლება მზადაა, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. თუმცა, მისივე თქმით, ოფიციალური თეირანი გამორიცხავს პრეზიდენტ ასადის გადადგომას, როგორც მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობას.
შეგახსენებთ, რომ სირიაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირებისა და სამშვიდობო პროცესის დაწყების მიზნით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთის ფედერაციამ გადაწყვიტეს საერთაშორისო კონფერენცია მოიწვიონ.
სამოქალაქო დაპირისპირება სირიაში უკვე თითქმის ორი წელია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში დაიღუპა დაახლოებით 70 ათასი ადამიანი, ხოლო ნახევარ მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.