ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში 1000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ყველაზე მეტი ამერიკელი სამხედრო გასულ წელს დაიღუპა და ამ რიცხვმა 316 ადამიანი შეადგინა. ეს ციფრი ორჯერ მეტია 2008 წელთან შედარებით და 20 ჯერ მეტია 2001 წელთან შედარებით, მაშინ როდესაც ავღანეთსი სამხედრო ოპერაცია ახალი დაწყებული იყო. ინფორმაციას ამის შესახებ "iCasualties.org"-ი ავრცელებს.
რაც შეეხება მიმდინარე 2010 წელს, ჯერ კიდევ ორი არასრული თვის განმავლობაში (იანვარი, თებერვალი) ამერიკულმა სამხედრო კონტიგენტმა ავღანეთში 54 ადამიანი დაკარგა.
სამხედრო მოსამსახურეთა დანაკარგების მხრივ კოალიციის წევრთა შორის მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთია. დიდმა ბრიტანეთმა ავღანეთში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის მსვლელობის განმავლობაში 260 ჯარისკაცი დაკარგა.
სულ კი 2001 წლიდან ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების 1600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული.
ავღანეთში საბრძოლო მოქმედებები უკვე თითქმის 9 წელიწადია მიმდინარეობს.
გასული წლის ბოლოს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიიღო გადაწყვეტილება თითქმის 100 ათასი ჯარისკაცამდე გაეზარდა ავღანეთში სამხედრო კონტიგენტი.
კვირაზე მეტია, რაც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ამერიკელმა ჯარისკაცებმა თალიბების წინააღმდეგ გასული წლების განმავლობაში ყველაზე მსხვილი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.
"და ეს მხოლოდ დასაწყისია", _ განაცხადა აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა დევიდ პეტრუსმა. მისივე თქმით, აღნიშნული სამხედრო ოპერაცია შესაძლოა წელიწადნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს.